თამარმა გახსნა ფაილები, 3 მაღალჩინოსანი ყარაბაღის ომს იარაღით ამარაგებდა – თამაზაშვილი

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიშვილის ოჯახი პროკურატურასთან აქციას მართავს. ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, თამარმა გახსნა ფაილები, რომლითაც ირკვევოდა რომ საქართველოს მთავრობის 3 მაღალჩინოსანი ყარაბაღის ომს იარაღით ამარაგებდა.

“არის ფაილები. გაიშიფრა სქემა, რითაც ხდებოდა ყარაბაღის ომის მომარაგება იარაღით ამ სამი მაღალჩინოსნის მიერ. აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობას მოვუწოდებ დაინტერესდეს და საქართველოს მთავრობას მოსთხოვოს იმ სამი მაღალჩინოსნის შესახებ არსებული ფაილები, რომელიც ჩემმა შვილმა შემთხვევით გახსნა თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბახის ომი იარაღით. გადაამოწმონ აზერბაიჯანისა და თურქეთის მთავრობა. ჩემმა წყარომ მომაწოდა ინფორმაცია. მაგიტომ გადაარიცხინეს ჩემს შვილს სხვადასხვა კომპანიებიდან მილიონები, რომ იარაღის შეძენას დიდი თანხა სჭირდება. სუს-იც ამიტომაა ჩართული ჩემი შვილის მოშორების ამბავში”, – განაცხადა თამაზაშვილმა.

მისივე განცხადებით, აქციის კიდევ 2 მოთხოვნაა, პროკურატურის მხრიდან სატელიტური სურათების გამოქვეყნება და თვითმკვლელობის მუხლის მკვლელობით, ან ჯგუფურად მკვლელობით გადაკვალიფიცირება.

„აქციის მიზანია დადონ სატელიტური სურათები, სადაც გამოჩნდება იდგა თუ არა მანქანა 4 დღის განმავლობაში იქ, სადაც აღმოაჩინეს. ამ სატელიტური სურათების საფუძველზე უნდა მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცრება მკვლელობის მუხლად და დასახელდეს ის მკვლელი, ან მკვლელები. სავარაუდოდ, საუბარია სამ მაღალჩინოსანზე. ვადები თვითონვე თქვეს, რომ თვის ბოლომდე იქნება”, – აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.

ის ასევე აღნიშნავას, რომ იმ შემთხვევაში თუ პროკურატურა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, გამოსვლები პოლიტიკურ სახეს მიიღებს და აქციები სექტემბრის შუა რიცხვებიდან გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილის საქმეში 3 მაღალჩინოსანის მონაწილეობაზე პირველად ინფორმაცია ფორმულას ჟურნალისტმა, დავით ქაშიაშვილმა გაავრცელა.

მან საგამოძიებო უწყებიდან სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სამი მაღალჩინოსნის მაკომპრომეტირებელი მასალები მოიპოვა.

ჟურნალისტის ინფორმაციის, მას შემდეგ, რაც თამარმა ფაილები ნახა, მისი მისამართით დაიწყო ღია და ირიბი მუქარები. თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩინარების დღეს, მას შემდეგ, რაც მას „ვოთსაფით“ ესაუბრნენ, ამავე პლატფორმაზე მესიჯად გაუგზავნეს ლოკაცია, სადაც ის უნდა მისულიყო და დაინტერესებული მხარისთვის საიდუმლო ფაილები გადაეცა.

„შაბათის ფორმულასთვის“ ცნობილი გახდა, რომ ბაჩალიაშვილის ცხედრის გამოჩენა არ იგეგმებოდა, ის უფრო გვიან და სრულიად სხვა ადგილას უნდა ენახათ, თუმცა მას შემდეგ, რაც ოჯახმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა, ცხედარი მანქანით სწორედ იმ ადგილას მიიტანეს, სადაც ის მომდევნო დღეს ნახეს. მათივე ინფორმაციით, მანქანა ადგილამდე მისაბმელით მიიტანეს. წყარო საგამოძიებო უწყებიდან ადასტურებს, რომ მანქანაში ყველაფერი გასუფთავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ არც მანქანიდან და არც ცხედრიდან არ ამოვა უცხო დნმ.