გალის სკოლებში მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს აეკრძალათ ქართულ ენაზე სწავლა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის  განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, გალის რაიონის სკოლებში მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს აეკრძალათ ქართულ ენაზე განათლების მიღება.

უწყების შეფასებით, ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებს და პრინციპებს და წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მრავალი წლის მანძილზე წარმოებული ეთნიკური დისკრიმინაციისა და რუსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის განადგურებას და მოსახლეობის სრულ ასიმილაციას ისახავს მიზნად.

“გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების შემდგომ შეზღუდვასთან და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევის გამოვლინებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველა შესაბამის საერთაშორისო პარტნიორთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩათვლით, ასევე გააქტიურდა ცხელი ხაზიც.

საკითხი მთელი სიმწვავით იქნება განხილული 2021 წლის 12-13 ოქტომბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდზე. ქართული მხარე ძალღონეს არ დაიშურებს და გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და სხვა ფუნდამენტური უფლებების დასაცავად”,– წერია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.