“გამაგრდი, ყველაზე დიდი კრიტიკოსი დედაც შენ გიცავს”- განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას მამამ ანზორ მელიამ.
„კი დაიჭირეს ნიკა მელია, მაგრამ გაოგნებული ვიყავი იმ სპეცოპერაციით, რაც მოიმოქმედა ჩვენმა მთავრობამ, ტერორისტები ასე არ აუყვანიათ, როგორც ნიკა აიყვანეს და მადლობა ღმერთს, რომ ხალხი არ დასახიჩრდა. ეს ერთობა რაც მე ვნახე ეს დღეები, ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ნიკამ ამ ასაკში შეძო ასე გაეერთიანებინა მთელი ოპოზიცია, ვინ არ იყო მანდ, სხვადასხვა პარტიის ლიდერები, ბედნიერი ვარ და თანაც ამაყი, რომ ნიკა ასე უყვართ და ასეთ პატივს სცემენ. მე აბსოლუტურად ამაყი და ბედნიერი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა დააკავეს, არა მექრთამეობაზე და გაიძვერობაზე – სამშობლოს სიყვარულის გამო დააკავეს.
კობახიძის ბრიფინგსაც ვუსმინე დილით და მის ნაცვლად შემრცხვა, როგორ შეიძლება ახალგაზრდა კაცმა ნიკაზე ილაპარაკოს, რომ თურმე „ქართუ ბანკი“ გააკოტრა, ნიკა იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსი, სასამართლოს გადაწყვეტილება მოდიოდა და ის უნდა შეესრულებინა. ცესკოს წინ რომ იყო, ხალხს ამშვიდებდა და პირიქით, ეუბნებოდა რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინათ, ეს კადრებშიც ჩანს. ივნისში კი ნიკა ჟურნალისტს გამოექომაგა და პარლამენტიდან გამოაგდეს. რა ორგანიზატორი იყო კაცი, რომელიც აზრზე არ იყო და ჩემთან ერთად კოტორაანთ კარში აგარაკზე იყო და იქიდან წამოვიდა, როცა ასეთ რამეს გეგმავენ, არც აგარაკზე მიდიან და ჩაკეტილები არიან ერთ ოთახში. არც რცხვენიათ, ღმერთის არ ეშინიათ?! გაგიჟებული ვარ, რას კადრულობენ. მჯერა, რომ ნიკა გამართლდება და გარეთ იქნება. ეს დროებითი ხალხი ვერაფერს გააკეთებს
გამაგრდი შვილო, მაგრად იყავი, შენს გვერდით ვარ. დედაშენი, რომელიც შენი ყველაზე დიდი კრიტიკოსი იყო, ისიც შენ გიცავს და გითხრა, რომ ბრძოლა ბოლომდეო – რის გამოც შენ უბედნიერესი ადამიანი იყავი. ასე ვიქნებით მე და ჩემი მეუღლე, ერთმანეთს ვამხნევებთ და ყურებჩამოყრილები არ ვართ. რადგან სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს, დღეს თუ არა ხვალ.“, – ამბობს მელია.