უნდა დაბაროს თუ არა ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია საგამოძიებო უწყებამ 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით კობახიძის განცხადების შემდეგ? ამ კითხვაზე პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს, რომ პროცესის ნებისმიერი მონაწილე ყველა ადამიანს, რომელიც შეიძლება გამოძიების ქვეშ იყოს მოუწევს პასუხების გაცემა.
„იმ შემთხვევაში თუ კითხვა ჩნდება, მნიშვნელობა არ აქვს და აქ გვარებზე არ უნდა წავიდეთ, პროცესის ნებისმიერი მონაწილე ადამიანი, რომელიც შეიძლება გამოძიების ქვეშ იყოს, რა თქმა უნდა, ყველას მოუწევს პასუხების გაცემა. იქნება ეს პარლამენტში საგამოძიებო კომისია თუ შესაბამის უწყებებში არსებული საგამოძიებო კომისია. ფაქტია, რომ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს“, – განაცხადა კუჭავამ.
კითხვაზე, რატომ გააქტიურდა „ქართული ოცნების“ კრიტიკა გახარიას მიმართ და ახლა რატომ გაჩნდა კითხვის ნიშნები მის მიმართ, კუჭავა პასუხობს, რომ ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია.
„პროცესს რომ მივადევნოთ თვალი, ეს არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ კრიტიკა, ეს არის კრიტიკული განცხადებები ყველა მხრიდან და ალბათ, ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია, რომლის მონაწილე არის ყველა პოლიტიკოსი და პოლიტიკური ჯგუფი. პოლიტიკური ჯგუფი როდესაც განაცხადებს, რომ ის შემოდის პოლიტიკაში, ოპოზიციაში, რა თქმა უნდა, მას უჩნდება კრიტიკული კითხვები და ცდილობს, რომ კრიტიკული პოზიცია დაიჭიროს, შესაბამისად კრიტიკა მოჰყვება მეორე მხარიდან“ , – განაცხადა კუჭავამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, გეშინიათ გახარიას პარტიის? პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა: „გამეცინა“.