სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ყრიან უცნობი პირები მდინარეში ასობით პლასტმასის ბოთლს. ვიდეო გადაღებულია სავარაუდოდ საქართველოში, რადგან მანქანას, საიდანაც პირები ბოთლებს ყრიან, ქართული სანომრე ნიშნები აქვს.
ვიდეოკადრებში პირის, რომელიც მდინარეს აბინძურებს და ტრანსპორტის იდენტიფიცირება შესაძლებელია. მომხდარის შესწავლა საქართველოში გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტმა უკვე დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია ზუსტი ადგილმდებარეობა თუ რომელი მდინარის დაბინძურება მოხდა.
რა საფრთხის შემცველია მდინარის დაბინძურება და რამდენად დიდი ეკოლოგიური კატასტროფის გამოწვევა შეუძლია
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თურქეთში, სტამბოლის ნაპირებზე, წყლის ზედაპირის უზარმაზარი ფართობები სქელმა, წებოვანმა მცენარეულმა ლორწომ დაფარა და მარმარილოს ზღვა დიდი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. მარმარილოს ზღვის დაბინძურება კი ეგეოსის და შავ ზღვასაც საფრთხეს უქმნის.
სასოფლო-სამეურნეო (სასუქები), ცხოველური, საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენები და ორგანული თუ არაორგანული მარილები, ზღვაში ძირითადად მდინარეების წყალთან ერთად ჩაედინება ზღვაში. მარილების ჭარბი რაოდენობა კი ერთუჯრედიანი წყალმცენარეების სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს და თვითგადარჩენისთვის ისინი მეტი ინტენსივობით იწყებენ გამრავლებას ანუ იზრდება ფიტოპლანქტონის პოპულაცია, რაც ზღვის ევტროფიკაციას ანუ ზღვის დაჭაობებას იწვევს. მკვდარი ორგანული ნივთიერებების შლის შედეგად ზღვაში ჟანგბადის მოცულობა მცირდება. უჟანგბადობას კი მრავალი ცოცხალი არსება ეწირება, რაც, ბუნებრივია, დიდად ვნებს ბიომრავალფეროვნებას.ამ დროისათვის ზღვის წყალში ჟანგბადის დონე მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
თურქეთის ხელისუფლება ცდილობს მარმარილოს ზღვაში მიმდინარე ეკოლოგიური კატასტროფის შედეგები როგორმე შეამციროს. მეცნიერები ამბობენ, რომ ლორწოს წარმოქმნას და მის გამრავლებას ამჯერად ხელი კორონავირუსმაც შეუწყო, როცა ადამიანთა თვითიზოლაციის დროს საყოფაცხოვრებო ნაგავის მოცულობა ძალიან გაიზარდა და ეს ყველაფერი უკონტროლოდ ზღვაში იყრებოდა.
ამ პრობლემის მოგვარება სამინისტროების, მუნიციპალიტეტების მოვალეობაა, მაგრამ თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაიაზროს, რომ გარემოს დაცვა მისი მოვალეობაც არის. თუ ჩვენ მიდგომებს არ შევცვლით, უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით.