“გამოდი ღირსებისთვის” – მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება

“გამოდის ღირსებისთვის” – ამ მოწოდებით მოქალაქეები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

აქტივისტების განცხადებით, ისინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ყველა იმ პირის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემას მოითხოვენ, რომლებიც ,,ტვ პირველის” ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებდა.

გარდა ამისა, ისინი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ და მის სახელზე განცხადებას წერენ, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციაში დატოვებენ.

ისინი არ გამორიცხავენ, რომ თუ ღარიბაშვილი მათ არ შეხვდება, მის სახლთანაც მივიდნენ.

ცნობისთვის, TV პირველმა გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში საუბარია Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის ადამიანებზე ანგარიშსწორებაზე.

დღეს პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრების უნებართვო ჩაწერაზე, გამოყენებასა და გავრცელებაზე დაიწყო.