“კატასტროფა ხდება. გაზიდა “ქართული ოცნების” კლანმა ქვეყნის რეზერვები. დღესაც, არასამუშაო დღეს, გაყიდა ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტა. სპეციალურად ამისთვის დაიბარეს თანამშრომლები. 600 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა ეროვნულმა ბანკმა სექტემბერ-ოქტომბერში, ლარი რომ არ ჩამოიშალოს. ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი მხოლოდ ოქტომბერში. ასეთი რამ პანდემიის დროსაც კი არ მომხდარა.
ეს გამოიწვია მოღალატე ხელისუფლების საარჩევნო რიტორიკამ და ანტიდასავლურმა კამპანიამ.
ნუ უყურებენ ექსპერტები თუ მოექსპერტო ელემენტები, რამდენს ყიდის ეროვნული ბანკი მხოლოდ ღია აუქციონზე ( 213 მილიონი დოლარია ოქტომბერში). ორი ამდენი გაყიდა ფარულად, მეორე, ე. წ. ბიმატჩ პლატფორმაზე, რომელიც მხოლოდ 25 ნოემბერს, ანუ არჩევნებიდან კარგა ხნის მერე იქნება ასახული სტატისტიკაში. ამ თავიანთი ჩაანალიზებით ეს ეკონომისტები ხელს უწყობენ რეალური სურათის დაფარვას და არბილებენ მდგომარეობას. თუ ინფორმაციას არ ან ვერ ფლობ და ანალიზის უნარი არ გაგაჩნია, სჯობია გაჩერდე მაინც. ეს ეხება მედიასაც.
ნოემბერში კი გამოჩნდება ამათი დაფარული მავნებლობები, მაგრამ უკვე გვიან იქნება.
გამოვიდეს ეროვნული ბანკი და მთავრობა, აუხსნან ხალხს, რატომ ნადგურდება ქვეყნის რეზერვები და რა ელის ლარს მისი ამოწურვის შემდეგ.”

ამის შესახებ დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის დღეს, 25 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა,  გაყიდა 40 000 000 აშშ დოლარი.  საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა კი 2.7199 შეადგინა.

ჯამში, ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე ლარის კურსის დასაჭერად $213 მილიონი გაყიდა