”გამოიტანონ შეწყალებულების სია – რა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულები არიან” – ნათია მეზვრიშვილი

გამოიტანონ შეწყალებულების სია – რა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულები არიან – ამის შესახებ, წერს გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი. 19 იანვარს პრეზიდენტად დასმულმა მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა.

ქართული ოცნების პროპაგანდა შეწყალებაზე vs. სიმართლე: არცერთ ნორმალურ ქვეყანაში პატიმრობის მაღალ მაჩვენებელს შეწყალებით არ ამცირებენ. თუ არ გინდა, პატიმრობა ბევრი გქონდეს, ცოტა უნდა გამოიყენო. იცით, ბევრი რატომ გვაქვს? უსაფუძვლოდ, ხან შურისძიების, ხან პოლიტიკური მიზნით, ხანაც არაკომპეტენტურობით იყენებენ. პატიმრობის მაჩვენებლის შემცირების გზა მართლმსაჯულების რეფორმაზე გადის და არა ასეთ შეწყალებებსა და ამნისტიებზე. თუ პატიმრობის მაჩვენებელი გაღელვებთ, ან მზია ამაღლობელი რატომაა პატიმარი, ან ათეულობით უდანაშაულო ადამიანი? შეწყალება ჰუმანური აქტია, მაგრამ არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ამ მასშტაბის შეწყალებას კრიმინალის ანალიზისა და რეციდივის საფრთხის შესწავლის გარეშე არ აკეთებენ. თუ ასე აკეთებ, ე.ი. ჰუმანურობა კი არა, სხვა მოტივაცია გამოძრავებს. ანალიზის გარეშე ამ მასშტაბის შეწყალება კრიმინალის გაზრდის უზარმაზარ რისკებს ნიშნავს. დავუშვათ, პატიმრების ბედი გაღელვებს, არ შეიძლება მოქალაქეებს არ უხსნიდე მათი უსაფრთხოება ფეხებზე რატომ გკიდია. ხალხს უნდა ეუბნებოდე, რა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულები შეიწყალე და არსებობს თუ არა ყველა ის რისკი, რაც ზემოთ წერია.

ვთქვათ და ამ მასშტაბის შეწყალებას ანალიზის საფუძველზე აკეთებ, რანაირად დაგიჯერებენ, რომ ჰუმანურობა გამოძრავებს, როცა ასეულობით ადამიანი სულ ახლახან აწამე, ამ წამებაზე არავინ დასაჯე, განსხვავებული აზრისთვის საუკეთესო მოქალაქეები ციხეში გამოკეტე, ქუჩაში ნიღბიან ზონდერებს საკუთარ მოქალაქეებს აცემინებ და ა.შ. მოძალადე რეჟიმი რანაირადაა ჰუმანური? პლუს, კორუფციაში ხარ ჩაფლული. პლუს, არჩევნები გააყალბე და უამრავ კრიმინალთან ვალში ხარ.

რეალობა ისაა, რომ ხელისუფლების სათავეშია არალეგიტიმური, მოძალადე რეჟიმი, რომელიც ხალხს სცემს, აწამებს, უკანონოდ აპატიმრებს, იტაცებს; რომელიც არაფორმალურ კრიმინალურ დაჯგუფებებს იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ; რომელმაც არჩევნებამდე ზონდერებს ამნისტია გამოუცხადა და ახლა ამ ზონდერებით ხალხს სცემს. ამ ფონზე, ვის სჯერა, რომ ეს შეწყალება ჰუმანური აქტია და არა ისეთივე კრიმინიალური, როგორიც ამნისტია იყო. ამ ფონზე გამოდის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც პროკურატურის ანალიტიკურ დეპარტამენტში მუშაობდა და შესანიშნავად იცის, რომ პატიმრობის მაღალ მაჩვენებელს შეწყალებით არავინ აგვარებს და უბრალოდ ტყუის. ამ მასშტაბური შეწყალებით გახარებული ადვოკატებისგან ზოგი ქართული ოცნების მეხოტბეა, ზოგიც მათთან წლების განმავლობაში გარიგებული. პლუს, წარმოდგენა არ აქვთ საკითხზე.

უსასრულოდ შემიძლია ვწერო არგუმენტები, მაგრამ აქ გავჩერდები. თუ რასაც ვწერ, ტყუილია, გამოვიდეს ოცნება და გამოიტანოს შეწყალებულების სია – რა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულები შეიწყალეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული უფლება გვაქვს ვთქვათ, რომ ეს არის სუს-ში დაწერილი ზონდერების შეწყალება, ზუსტად ისე, როგორიც იყო ზონდერების ამნისტია და ამის შედეგებს მალე საკუთარ თავზე გამოვცდით. ეს შეწყალება აუცილებლად გახდება შესწავლის საგანი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და დარწმუნებული ვარ, საინტერესო დეტალები გველოდება წინ”. – წერს მეზვრიშვილი Facebook-ზე.