გამოკითხულთა 64% ევროკავშირში, ხოლო 56% ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს – IRI

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა სოციოლოგიური კვლევის შედეგები  გამოაქვეყნა, რომელიც სხვადასხვა საზოგადოებრივ–პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს ეხება. კვლევის თანახმად, ივნისის მონაცემებით, გამოკითხულთა 56 %  საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს, ხოლო 19%  ნატოს წევრობის ყველაზე მნიშვნელოვან სარგებლად უსაფრთხოება მიაჩნია.

კვლევა IRI-ს კვლევების და გამოკითხვების ცენტრის სახელით დოქტორმა რასა ალიკაუსკენემ ჩაატარა Baltic Surveys / The Gallup Organization– დან. საველე სამუშაოები კვლევებისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა სტარტიფიცირებული მრავალსაფეხურიანი ალბათობითი შერჩევის, სახლში ჩატარებული პირისპირ ინტერვიუს გზით. მონაწილეობდა 1500 საარჩევნო ხმის უფლების მქონე  რესპოდენტი, რომელთა ასაკი 18 წელი და მეტია. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლებული პუნქტის ზომის მიხედვით. ცდომილება პლუს/მინუს 2.5%–ს შეადგენს, პასუხების პროცენტი კი 66%–ს. კვლევა ჩატარდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.