“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ სასამართლო პროცესზე გამომძიებელმა უთხრა, რომ “ცეცხლს ეთამაშება”, რის გამოც გამოძიების დაწყებას ითხოვს.
გვარამია გამომძიებლის ამ რეპლიკას ღია მუქარად აფასებს.
“საკითხის გამოკვლევა რომ დასრულდა, მე ვიკითხე, ხომ გამოვიკვლიეთ ყველაფერი, რაც საჭირო იყო, სხდომა დასრულებული იყო, ოღონდ მოსამართლე დარბაზში იყო ჯერ კიდევ, მითხრეს, რომ კი, ანუ ეს საკითხი გამოკვლევებულია-მეთქი, კიდევ ერთხელ ვიხუმრე, იმიტომ, რომ ჩემთვის ეს მართლა ხუმრობაა, რაზეც გამომძიებელმა ბრეგვაძემ, მოსამართლის თანდასწრებით ოღონდ სხდომის მიღმა, მითხრა, რომ ცეცხლს ვეთამაშები.
ცეცხლს ეთამაშები არის მუქარა, ამის შემდეგ მან დაიწყო მტკიცება, რომ ის ხუმრობდა, ანუ სიტყვა გამოკვლევებული თურმე არ ყოფილა ხუმრობა და ცეცხლს ეთამაშები ყოფილა ხუმრობა. ცეცხლს ეთამაშები არანაირ განზომილებაში არ წარმოადგენს ხუმრობას გამომძიებლის მხრიდან როცა მიემართება მოწმეს, რომელიც პოტენციურად ბრალდებულია.
ცეცხლს ეთამაშები არის ღია მუქარა პროცესის მონაწილის მიმართ გამომძიებლის მხრიდან, ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით შევიტან განცხადებას პროკურატურაში, მოვითხოვ სისხლის სამართლის აღძვრას გამომძიებელ ბრეგავაძეზე მუქარის მუხლით და მოწმედ ამ საკითხთან დაკავშირებით დაიკითხება პროკურორი, რომელიც გვერდში ეჯდა და ეს მოისმინა, ასევე მოსამართლე და სხდომის მდივანი. ეს არის ჩემი დამოკიდებულება, საკითხი ჩემთან გამოკვლევებულია, ვინ ეთამაშება ცეცხლს, ამას ვნახავთ”, – თქვა ნიკა გვარამიამ სასამართლოს დატოვების შემდეგ.