გამორიცხულია МИР-ის მეშვეობით ჩვენი ბილეთების შეძენა – Georgian Airways

„ჯორჯიან ეარვეისი“ საგადახდო ბარათი МИР-ის მეშვეობით დღემდე არცერთი ბილეთი არ გაუყიდიათ. მათი განმარტებით, ავიაკომპანიას ხელშეკრულება აქვს დადებული ევროკავშირში (კერძოდ, ესპანეთში) რეგისტრირებულ, ესპანურ კომპანია WebSky.tech-თან, რომელიც არის ავიაბილეთების გაყიდვის საერთაშორისო სისტემა.

“მოცემული კომპანიის მეშვეობით, მრავალი ავიაკომპანია ყიდის სამგზავრო ბილეთებს, მათ შორის, ჩვენც. WebSky.net-ი გაყიდვებს ახორციელებს ამერიკული საბარათე სისტემების Visa და Mastercard-ით და, აგრეთვე, МИР-ის მეშვეობით. მთლიანად ეს სისტემა მიერთებულია საქართველოს ბანკთან. აქედან გამომდინარე, თავისთავად გამორიცხულია, რომ ჩვენი ბილეთების შეძენა МИР-ის მეშვეობით განხორციელდეს.

„ჯორჯიან ეარვეისს“ და მის მენეჯმენტს არავითარი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია ესპანურ კომპანიაზე, რომელიც, თავისი ნებით ახორციელებს МИР-ის საბარათე სისტემის დაშვებას თავის სარეალიზაციო სისტემაში.

რაც შეეხება „ჯორჯიან ეარვეისს“, კომპანია ამჟამად იმყოფება უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში და არის გაკოტრება/რეაბილიტაციის სტადიაში”,– წერია ავიაკომპანიის განცხადებაში.