ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი მის განცხადებაზე გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ თუ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანას ვერ ახერხებენ, ვერ დაეხმარება.
მისი თქმით, არ განეკუთვნება იმ პოლიტიკოსებს, ვინც ხალხს ეუბნება იმას, რისი გაგონებაც უნდათ.
“შეიძლება 2000 ლაიქი დამემსახურება, რომ მეთქვა, პარლამენტში არ შევდივარ და ბიძინა ივანიშვილი 1 თვეში დასრულდება, მაგრამ ასეთ სისულელეს მე, ცხადია, არ ვიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან პოპულარული იყოს ეს პოსტი. ჩემი პოსტის შინაარსი იყო ის, რომ მსჯელობა დავიწყოთ იმაზე, რა გვინდა საერთოდ, საითკენ მივდივართ”,– ამბობს სამადაშვილი ტვ პირველის ეთერში.
მისივე განცხადებით, გამოსავალი ოპოზიციამაც უნდა მოიფიქროს, რადგან ქვეყანა უმძიმეს კრიზისში შედის.
“ვიღაცას თუ არ ესმის რას ნიშნავს ერთპარტიული პარლამენტი, ანუ არალეგიტიმური პარლამენტში, ნიშნავს ქვეყნის გასვლას ნორმალური, კანონიერი ველიდან”,– თქვა სამადაშვილმა.
მისივე აზრით, ერთადერთი გამოსავალია შეთანხმება, რომ შემოდგომაზე, ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, ქვეყანაში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და მანამდე ტექნიკური პარლამენტი შეიკრიბოს.
“ჩვენ ხო არ შეიძლება აბსურდულ ლოგიკაში შევიდეთ, რომ პარლამენტი შეიკრიბოს ერთპარტიული, მან მიიღოს რაღაც გადაწყვეტილებები, იმიტომ რომ ვერ მიიღებს ეს პარლამენტი ვერანაირ გადაწყვეტილებას, არანაირი იურიდიული ლეგიტიმაცია მათ გადაწყვეტილებას არ ექნება. ვერ შეცვლის მაგალითად, კანონმდებლობას, საარჩევნო ადმინისტრაციას, ანუ ჩვენ უკანონობაში გავდივართ ერთპარტიული პარლამენტით”,– აცხადებს სალომე სამადაშვილი.
ენმ–ს წევრის აზრით, შესაძლებელია შეიკრიბოს ტექნიკური პარლამენტი, რომელის პირველი გადაწყვეტილება ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემოდგომაზე, ადგილობრივ არჩევნებთან ერთად დანიშვნა იქნება.
სამადაშვილი აღნიშნავს, რომ ეს მისი აზრია და არა ნაციონალური მოძრაობის.