გამოსავალი კარანტინია, ინფექციური საწოლების რაოდენობა როცა არ გაქვს, სიკვდილი იქნება – გიორგი ფხაკაძე

საქართველოში ერთადერთი გამოსავალი ისევ კარანტინის შემოღებაა. როცა ინფექციური საწოლების რაოდენობა შენ არ გაქვს, პირდაპირი მნიშვნელობით სიკვდილი იქნება, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის სფეროში გიორგი ფხაკაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

„საქართველოში ერთადერთი გამოსავალია ისევ კარანტინის შემოღება. ვიცი, რომ არაპოპულარულია რასაც ახლა ვამბობ, ძალიან ბევრი ადამიანი გამლანძღავს, მაგრამ რეალურად ჩვენ არ გვაქვს ამის საშუალება – არ გვაქვს რეანიმაციული საწოლები. ევროპას ამის ფუფუნება აქვს, ხალხის გადამზადება უკვე აპრილიდან დაიწყო, საავადმყოფოების გადაიარაღება, ტრენინგები და ა.შ. ანუ ამაზე ხალხი 7-8 თვე მუშაობს. მათ აქვთ ფუფუნება იმისა, რომ ქვეყნები არ ჩაკეტონ, ინფექციური საწოლების რაოდენობა აქვთ და შენ, როცა ინფექციური საწოლების რაოდენობა არ გაქვს, პრაქტიკულად იქნება სიკვდილი პირდაპირი მნიშვნელობით!“, – განაცხადა ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, დღეს 16 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15327 -ს შეადგენს. რაც შეეხება მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევებს, უკვე 39 მილიონს გადააჭარბა.