გამოსავალი სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა ბევრია დამოკიდებული რეჟიმზე – მელია ზურაბიშვილზე

“გამოსავალი სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა ბევრია დამოკიდებული რეჟიმზე”- ასე აფასებს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარე ნიკა მელია, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას. მელიას განცხადებთ, პროცესი მნიშვნელოვნია და პრეზიდენტს “გულუბრყვილო მოლოდინი არ აქვს” თუმცა უმეტესად პროცესი რეჟიმზეა დამოკიდებული.

“შეხვედრის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა საკითხზე ვისაუბრეთ. გამოსავალიც სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული თავად რეჟიმზე. რეჟიმი რისი რეჟიმია, თუ თავისი ხელით შეიმცირებს ძალაუფლებაში ყოფნის ვადას ან დროს. დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო თანხმობას, როგორც პროცესს, შანსი უნდა ჰქონდეს. მე პირადად უმცირეს შანსს სანამ ვხედავ, ამ პროცესს ხელს შევუწყობ, ჩემი და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში.

სამოქალაქო თანხმობა ჩემთვის ამ ეტაპზე მოცემულ დროში გულისხმობს ორი კომპონენტის მოწესრიგებას, ერთხელ და სამუდამოდ ამ მიმართულებებით მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება, პოლიტიკური დევნის დასრულება. არა უბრალოდ ჩვენ წინააღმდეგ, ვინც ვართ რეჟიმის მოწინააღმდეგეები. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში უნდა გაჩნდეს განცდა არჩევნებისადმი. არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს. ასეთ შემთხვევაში, შეგვიძლია სამოქალაქო თანხმობაზე ვისაუბროთ. სხვანაირად გაგვიჭირდება”, – განაცხადა მელიამ.