გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ ხმის მიცემის აღჭურვილობა დააყადაღა – გახარია

გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ ხმის მიცემის აღჭურვილობა დააყადაღა – აცხადებს ამის შესახებ, პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია ბრიფინგზე.

“დღეს საქართველოში ჩატარებული არჩევნები არავინ არ ცნო, როგორც დემოკრატიული, თავისუფალი. არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი ჩამოკიდებულია ჰაერში. ჩვენი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები და უცხოური პარტნიორები ამბობენ, რომ აუცილებელია შესაბამისი გამოძიების ჩატარება, რომ შემდგომ გადაწყდეს ამ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი, ამიტომ ჩვენ სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად მივმართეთ თხოვნით ცესკოს, რომ გაესაჯაროებინა იმ ამომრჩეველთა სიები, ვინც მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, იმის მითითებით თუ რომელ უბანზე მიიღეს მონაწილეობა, ამაზე ცესკოს, რა თქმა უნდა, არანაირი რეაგირება არ მოახდინა. ამის შემდეგ მივმართეთ სასამართლოს იმისთვის, რომ სასამართლოს დაეცვა ის აღჭურვილობა, რომელზეც ეს ინფორმაცია ინახებოდა და მივმართეთ სასამართლოს თხოვნით, რომ გადაუდებლად მოეხდინა ამ აღჭურვილობის დაცვა.

სამწუხაროდ, სასამართლოზე გამოცხადდა ცესკოს წარმომადგენლები, რომლებმაც თქვეს, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და ამ გამოძიების ფარგლებში დააყადაღა ეს აღჭურვილობა.

ფაქტობრივად, ახლა გვაქვს გარემოება, როდესაც მთავარი მტკიცებულება, რომელმაც არა მხოლოდ ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის და პირველ რიგში, ოცნებისთვის, შეიძლება დაამტკიცოს, რომ ეს არჩევნები იყო სამართლიანი და არაფერი არ გაყალბებულა, ამისთვის საჭიროა, ამ აღჭურვილობაზე არსებული სიების ინფორმაციის გასაჯაროება, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ნახოს სად და როდის მივეცით ხმა.

იმის მაგივრად, რომ ოცნებას ეს გაეკეთებინა, ოცნებამ პროკურატურის საშუალებით ეს აღჭურვილობა უბრალოდ ტყვეობაში აიყვანა, დააყადაღა. და ფაქტობრივად, დღეს ცესკო ღიად ამბობს, რომ რაღაც ფეიკ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ცესკოსაც აღარ აქვს წვდომა ამ აღჭურვილობაზე და მთელი პასუხისმგებლობა ასე გადავიდა პროკურატურაზე.

შესაბამისად, ყველა ის გამოძიება, რასაც მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეები, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებს ოცნებას, რომ დავრწმუნდეთ იყო თუ არა ეს არჩევნები სამართლიანი, ოცნებასაც ხომ უნდა, რომ ამაში დავრწმუნდეთ, ამისთვის საჭიროა, ამ სიების გასაჯაროება. ზუსტად ეს აღჭურვილობა რამდენიმე დღის წინ ოცნებას აუყვანია ტყვეობაში, პროკურატურის საშუალებით, რაღაც სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში”. – თქვა ბრიფინგზე.