გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, მეორე მხრივ, ძალადობა არ უნდა წავახალისოთ – იოსელიანი პრაიდზე

“ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, მეორე მხრივ, ძალადობა არ უნდა წავახალისოთ” – პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ სახელმწიფომ, ღირსების მარშზე ბალანსის და გამოხატვის თავისუფლების დაცვა უნდა შეძლოს.

“მთავარი არის, რომ ამ დღეს იქნას დაცული ვეთანხმები სრულიად ამერიკის ელჩს  მაქსიმალურად მშვიდობა ყველა ადამიანის. გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ძალადობა არ უნდა იქნას არცერთი ფორმით წაქეზებული და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ ბალანსის დაჭერა”, –  განაცხადა ლევან იოსელიანმა

პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს კი არ ესმის, რატომ იმართება ღირსების მარში.

“რატომ მართავენ ამ პრაიდს, რომელსაც სიძულვილის, ზიზღის ტალღის აგორების და პრორუსული ძალების გამოცოცხლების გარდა არაფერი შედეგი არ აქვს, ამას ვერ ვხვდები უბრალოდ”, – ამბობს ელისაშვილი.

ჟურნალისტების კითხვაზე, მისაღებია თუ არა მისთვის პრადი, ის პასუხობს, რომ არა.

მანვე აღნიშნა, რომ “ძალიან კარგი იქნება, თავს თუ შეიკავებენ ხოლმე [ჩატარებისგან]”.

ცნობისთვის, პირველი ივლიდან 5 ივლისის ჩათვლით თბილისში პრაიდის კვირეული ჩატარდება. დასკვნითი ღონისძიება 5 ივლისს ღირსების მარში იქნება.