დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საპატრიარქოსთან და ხელისუფლებასთან მიმდინარეობს კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით თუ რა ფორმით ჩატარდება აღდგომის წირვა-ლოცვა.
„მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე, 300-ს რომ გადავცილდებით მოსალოდნელია რომ უფრო სწრაფი ზრდა იყოს. ჩვენ ბევრი გავაანალიზეთ და ერთ-ერთზე შევჩერდით, რომლის მიხედვითაც თუ ჩვენ არ დავიცავთ საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული რეგულაციები, იცოდეთ რომ აპრილის ბოლოს, მაისის პირველ დეკადაში რამდენიმე ათასეული შემთხვევა გვექნება ქვეყანაში, მათგან 20-30%-ს დასჭირდება ინტენსიური თერაპია, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთი ინება ჯანდაცვის სისტემისთვის და სამწუხაროდ იქნება დანაკარგები. ამიტომ ყველაფერს ამას უნდა ძალიან სერიოზულად მოვეკიდოთ და ვთხოვ საქართველოს მოსახლეობას რომ დავიცვათ ყველა წესი, რომელსაც გვეუბნება სახელმწიფო: დარჩი სახლში, დაიცავი დისტანცია, გქონდეს სოციალური დისტანცირება, არ შევიკრიბოთ სამ ადამიანზე მეტი, არ გავმართოთ დიდი სუფრები და შევიკავოთ თავი ბევრი სხვა რელიგიური და არარელიგიური ღონისძიებებისგან. ეს ორი კვირა უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის. კვირას იქნება ჩვენი ყველაზე დიდი საუფლო დღესასწაული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელსაც ყოველთვის ვზეიმობთ საქართველოში. ამასთან დაკავშირებით არაფერი დასამალი არ არის, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოს ეკლესიასთან, რომელიც გახლავთ ყველაზე უფრო მაღალ რეიტინგული და აღიარებული ინსტიტუცია ქვეყანაში. ის მხოლოდ ხელს უწყობს ერის განვითარებას, ჯანმრთელობას, განათლებას. ამიტომ ეს ორი კვირა იქნება რთული, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, ამიტომ უნდა გავითავისოთ როგორ მოვიქცევით ამ ორი კვირის განმავლობაში, როგორ თავს ავარიდებთ დიდ ყრილობებს, იქნება ეს ოჯახებში, ეკლესიებში თუ სხვაგან. კონსულტაციები საპატრიარქოსთან მიმდინარეობდა და მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ ის ოქროს შუალედი გამოიძებნება, რომ ეს ორი კვირა არ მიაყენებს ზიანს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას.“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.