გამყრელიძე: მომხრე ვართ, რომ აცრილ ადამიანებს შესაბამისი პრივილეგია ჰქონდეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ვაქცინით აცრილ ადამიანებს შესაძლოა გარკვეული პრივილეგია ჰქონდეთ.

“გვაქვს ჩვენი რეკომენდაციები, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც აიცრნენ ორჯერადად ან ერთჯერადად, სხვადასხვა წახალისება ჰქონდეთ საზოგადოებასა და ცხოვრებაში. რამდენიმე ასეთი წამახალისებელი ნაბიჯი არის წარდგენილი საკოორდინაციო საბჭოში და ეს იქნება განხილული. რა თქმა უნდა, ჩვენ მომხრე ვართ, რომ ვისაც ექნება კოვიდ პასპორტი, ჰქონდეთ შესაბამისი “პრივილეგია”, უპირატესობა რაღაც მიმართულებით.

უკვე ბევრგან [მსოფლიოში] არის ე.წ. კოვიდისგან თავისუფალი რესტორნები, სასტუმროები, სადაც ყველა თანამშრომელი აცრილია, კლინიკები და ასე შემდეგ.

ეს სერიოზული პრივილეგიაა, იმიტომ, რომ ადამიანი როცა მიდის ექიმთან და იცის, რომ ამ კლინიკაში ყველა აცრილია, რა თქმა უნდა, იქ ნაკლები რისკია შემდგომი დაინფიცირების , ან იგივე იქნება ეს რესტორანი თუ სხვა დაწესებულება”,– ამბობს გამყრელიძე ფორმულას ეთერში.