განათლების სამინისტროდან კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო გამოიყოფა – გახარია

პრემიერმინისტრი გიორგი გახარიას თქმით, უკვე მომზადებულია მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, განათლების სამინისტროდან კულტურის სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო გამოიყოფა.

“უკვე ყველა ტექნიკური სამუშაო დასრულებულია და მომზადებულია მთავრობის დადგენილება იმასთან დაკავშირებით, რომ განათლების სამინისტროდან გამოიყოს კულტურის, სპორტის და ამას დაემატება ახალგაზრდობის სამინისტრო. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი როგორც ჩვენი კულტურის, ასევე სპორტის წარმომადგენლებისთვის. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი კუტურული მემკვიდრეობა, ისევე როგორც თანამდეროვე ხელოვნება, არის ის უძვირფასესი ნაწილი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, რომელზეც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ.

რა თქმა უნდა, ცალკე სამინისტრო, ისევე როგორც სპორტის მიმართულებით, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში თუ გავითვალისწინებთ ჩვენი სპორტის მიღწევებს, იმსახურებს. გარდა ამისა, ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც აქამდე მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ ფუნქციონირებდა, მთავრობის ადმინისტრაციის ზედამხედველობით, ამ დადგენილების შემდგომ გახდება კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი“, – განაცხადა გახარიამ.