“რუსული ოცნების“ ლიდერშიპისგან, მათ შორის კობახიძისგან, ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ ოპოზიცია, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობა ისე უნდა გაანადგურონ, 35 მანდატს ქვემოთ დატოვონ. რას ნიშნავს ეს განცხადება? “ქოცბანდა“ საკუთარი მიზნების მისაღწევად ყველაფერზე წასვლას აანონსებს. ეს პირდაპირი განაცხადია, რომ ყველაფერს გააკეთებენ ხელისუფლების შესანარჩუნებლად: დაიჭერენ, მოისყიდიან, სცემენ, დახოცავენ, რათა გაანადგურონ კონკურენტები. ჰყავთ კიდეც დაჭერილი უამრავი ადამიანი, მათ შორის, მესამე პრეზიდენტი, პიჯაკების საქმეზე. დიქტატურა სხვა კი არაფერია?!

რატომ არ ისმის არცერთი სიტყვა “რუსული ოცნებისგან“, თუ როგორ ააყვავეს ქვეყანა და როგორ გააგრძელებენ ამას, როგორ  გააათმაგეს ხელფასები და გაზარდეს ეკონომიკა?! არ ისმის იმიტომ, რომ ყველა მიმართულებით ჩაფლავებულნი არიან! ქართველი ხალხის საუკეთესო ნაწილი ქვეყნიდან გააქციეს. ზუსტად ჩვენი ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები უზრუნველყოფს ეკონომიკის ზრდას და არა ხელისუფლება. ხელისუფლება საერთოდ რომ არ გვყავდეს, უკეთესი ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა!

სწორედ ამ მიდგომების შედეგია პოლარიზაცია – “ოცნება“ არა საკუთარი პარტიის და ქვეყნის განვითარებაზე, არამედ კონკურენტის განადგურებაზე ფიქრობს და ამით ღუპავს ქვეყანას, რომელიც ვერ ეღირსა კვალიფიციურ მმართველობას.

ჩვენი ქვეყნის ისტორია, ყველა ეტაპზე, ერთ რამეს გვასწავლის: როცა საქართველო იყო ერთიანი, ვერცერთმა მტერმა ვერ დაგვჩაგრა, მაგრამ როცა ქვეყანა მოღალატეებით ივსებოდა, ციხე შიგნიდან ტყდებოდა. ჩვენ გვჭირდება ერთობა! ამიტომ უნდა ჩამოვაშოროთ ყველა მოღალატე და შიდაგანხეთქილების მსახური ამ ქვეყანას და მივიღებთ სწრაფი, ძლიერი მშენებლობის დაწყებისთვის კარგ საფუძველს, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით.

აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი.