განემარტა, არ ჩაერიოს მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში – საგარეო ფიშერზე

” განემარტა, არ ჩაერიოს მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში”-ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის უწყებაში დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

24 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პეტერ ფიშერთან.

შეხვედრაზე ელჩს განემარტა, რომ „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას.

ასევე, შემაშფოთებელია ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობები და ამ პროცესში ელჩების მონაწილეობა.

ქართული მხარე დაინტერესდა გერმანიის საელჩოს მიერ გამოხატული შეშფოთების  საფუძვლებით,  სიძულვილის ენას გაღვივებისა და დეზინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ საელჩოს ოფიციალურად ეთხოვა, წარმოედგინა აღნიშნული შეშფოთების კონკრეტული დასაბუთება, რაც ამ დრომდე არ განხორციელებულა  და შესაბამისად, ქართული მხარე მსგავს ბრალდებებს მიიჩნევს ხელისუფლების წინააღმდეგ უსაფუძვლო თავდასხმის მორიგ მცდელობად.

საქართველოს ხელისუფლება, მიუხედავად მის წინააღმდეგ განხორციელებული მიზანმიმართული კამპანიებისა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და უფრთხილდება ურთიერთობებს და მიაჩნია, რომ მსგავსი ქმედებები აზიანებს ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ პარტნიორულ ურთიერთობებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ დიპლომატიური წარმომადგენლების საქმიანობა მომავალში ქვეყნებს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის პრინციპებს დაეფუძნება“.

საგარეო საქმეთა სამინისტროში შესვლამდე პიტერ ფიშერმა თქვა, რომ “ეს უჩვეულო შემთხვევაა “მეგობრულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში”.

მან ასევე დასძინა, რომ იგი სამინისტროში დაგმობს საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელ კურსს.

მე დამიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს დაბარება დიპლომატიური სანქციის ფორმაა. ეს უჩვეულოა მეგობრულ სახელმწიფოებს შორის. საქართველოს ისტორიაში საგარეოში გერმანიის ელჩი პირველად დაიბარეს. შევალ და მოვისმენ რას გადმომცემენ. მაგრამ ასევე მტკიცედ უარვყოფ უსაფუძვლო და პროვოკაციულ ბრალდებებს, რომლებიც გაკეთდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ელჩების მიმართ.

მე დავგმობ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის არსებულ კურსს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრობას“, – განაცხადა პიტერ ფიშერმა საგარეოში შესვლამდე.