განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი ნოდარ ვაშაკიძის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობდა.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლითა (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 39 წლის ნოდარ ვაშაკიძემ 38 წლის თეიმურაზ ანჯაფარიძეს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა. ვაშაკიძემ დანით დაზიანება მიაყენა შემთხვევის ადგილზე მყოფ საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც. ნოდარ ვაშაკიძე განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ადგილზევე დააკავეს. რაც შეეხებათ დაჭრილებს, 23 წლის პოლიციელს, გიგი ოთიაშვილს და 38 წლის თეიმურაზ ანჯაფარიძეს, ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.