დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ რეგულაციების დაბრუნებას საკოორდინაციო საბჭო განიხილავს, თუ ამის საჭიროება დადგა.
ამის მაგალითად მას ისრაელი და ბრიტანეთი მოჰყავს. ჟურნალისტის კითხვას, თუ ორ კვირაში ეპიდვითარება შეიცვლება, დაბრუნდება თუ არა რეგულაციები, გამყრელიძე ასე პასუხობს:
“იცით, რომ ამას განიხილავს საბჭო, თუ აუცილებლობა დადგა. იცით, რომ რიგმა ქვეყნებმა, იგივე ისრაელმა, სადაც ორჯერადად აცრილი 60%-ია მოსახლეობის და ახალი შემთხვევების ზრდა ძირითადად დელტა შტამის ხარჯზეა. აღადგინა შიდა სივრცეებში პირბადის ტარება და ფიქრობს გარე სივრცეებზე თუ რაღაც ნიშნულზე მივა ეპიდსიტუაცია. ბრიტანეთმა გადადო რეგულაციების შემსუბუქება, კიდევ რამდენიმე ქვეყანამ.
რა თქმა უნდა, ყველაფრის მონიტორინგი ხდება და დაავადებათა კონტროლის ცენტრი შესაბამისი რეკომენდაციებით გამოდის და შემდეგ საბჭო კონსენსუსის წესით იღებს გადაწყვეტილებებს”,– თქვა გამყრელიძემ.