ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ახალი შეზღუდვების დაწესებას აპირებს მთავრობა.
უწყების ცნობით, საქართველოში COVID-19-ის გავრცელების კუთხით ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საყურადღებო რჩება.
“აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან შემთხვევების მატებას მეტად ლოკალიზებული ხასიათი ჰქონდა და უპირატესად შეეხო იმ რეგიონებს, სადაც აცრილი მოსახლეობის რაოდენობა სხვებთან შედარებით მცირეა, მ.შ. კახეთი და იმერეთი.
ამ ეტაპზე შემთხვევების საშუალო დღიური მაჩვენებელი 4000-ის ფარგლებშია და სწრაფი ზრდის ტენდენციები არ იკვეთება. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას დადგენილი რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ განიხილება. თუ ვინმე ავრცელებს, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგეგმება, ეს არის ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. როგორც ჩანს, ამას გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად აკეთებენ”,– აცხადებს სამინისტრო.