ქართული ოცნების დეპუტატის, ირმა ზავრადაშვილის თქმით, “მავანი ბიუჯეტის დისკრედიტაციას ეცდება”. მან ფინანსთა მინისტრს, ვანო მაჭავარიანს სთხოვა, საზოგადოების “ყველა ფენისთვის” განემარტა, თუ როგორ უმსუბუქებენ ისინი ხალხს მდგომარეობას პანდემიის პირობებში.
“ამ საღამოს ამ დოკუმენტის შესახებ ინფორმაციას ელოდება მთელი ქვეყანა, როგორი იქნება ჩვენი მომდევნო ცხოვრება და როგორ დაფინანსდება ამა თუ იმ მიმართულებით სხვადასხვა პროექტები. ადამიანებს აქვთ მოლოდინი ამის შესახებ, ამიტომ ძალიან გთხოვთ ასეთ რაღაცას — დეტალურად იქნეს განმარტებული საზოგადოების ყველა ფენისთვის, რომ ეს არის ანტიკრიზისული, აღდგენითი ბიუჯეტი, რა გამოცდილება აქვთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებს ამ მიმართულებით, რა მსგავსება და განსხვავებაა პანდემიის პირობებში ადამიანების დახმარების ნაწილში, მოქალაქეების დახმარების ნაწილში ჩვენსა და მათ შორის, რადგან ჩვენ კიდევ, ადამიანები, ვერ ვაცნობიერებთ საუკუნის პრობლემის გამკლავების პროცესში რომ ვიმყოფებით.
პანდემია არ არის ის პრობლემა, რომელიც ყოველდღე, ან ყოველ წელს, ან ყოველ ათ წელიწადში ერთხელ შეიძლება მოხდეს. ეს არის ის განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც ქვეყანას არც მეტი, არც ნაკლები ფორსმაჟორში უწევს მუშაობა. მავანი და მავანი ეცდება ამ ბიუჯეტის დისკრედიტაციას, შესაბამისად, ძალიან გთხოვთ, კონკრეტული ნაბიჯები ადამიანებმა მედიისა და სატელევიზიო სივრციდან მიიღონ კონკრეტული ინფორმაცია, რომ ჩვენ მათ ყოველდღიურად პანდემიის პირობებში, მსოფლიო გამოწვევის პირობებში, როგორ ვუმსუბუქებთ მდგომარეობას “, — განაცხადა ზავრადაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.