განცხადებები, რომ აშშ-მა საქართველოს შესთავაზა ახალი თავდაცვითი იარაღი, სავსეა უზუსტობებით – დეგნანი

”განცხადებები, რომ აშშ-მა საქართველოს შესთავაზა ახალი თავდაცვითი იარაღი, სავსეა უზუსტობებით” – აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი,  ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებს პასუხობს.

დეგნანი ასევე ადასტურებს, რომ აშშ-მ მოკავშირე ქვეყნებს უკრაინის ომში დახმარებისთვის მიმართა, მაგრამ თუ რა პასუხი მიიღო საქართველოს ხელისუფლებისგან ელჩმა არ დააკონკრეტა.

“რაც შეეხება ბოლოდროინდელ განცხადებებს იმის შესახებ, რომ აშშ-მა საქართველოს შესთავაზა ახალი ტიპის თავდაცვითი იარაღი. ეს განცხადებები სავსეა უზუსტობებით. ჩვენ ვთხოვეთ ყველა პარტნიორსა და მოკავშირეს მთელ მსოფლიოში, რომ ყველაფერი გაეკეთებინათ, რათა უკრაინას დახმარებოდნენ პუტინის მიერ წამოწყებულ სასტიკ ომში. უკრაინა იბრძვის თავისი დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის, ამიტომ, მას დახმარება სჭირდება. ჩვენ ასევე მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ არასდროს მოგვითხოვია საქართველოსთვის მეორე ფრონტის გახსნა. ჩვენ თავიდანვე ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ეს ომი არ დაწყებულიყო და ახლაც ყველაფერს ვაკეთებთ რომ ის რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ამერიკა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დასამყარებლად მუშაობს” – თქვა კელი დეგნანმა.