განცხადების ქვეშ კომენტარებს ნუ შლით – ბაქრაძე კულტურის სამინისტროს

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე აცხადებს, რომ კულტურის სამინისტროს პასუხს დღეს, მოგვიანებით გასცემს.

ბაქრაძე სამინისტროს ურჩევს, რადგან „სამართლიანად აღშფოთებულ მოქალაქეთა“ აზრი აინტერესებთ – განცხადების ქვეშ კომენტარებს ნუ შლიან, მოქალაქეები არიან აღშფოთებულნი ასეთი საქციელით.

“რადგან სამინისტრომ საჯარო გახადა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე კი საზოგადოების შეწუხება არ მინდოდა – მოგახსენებთ რომ კოვიდის მიუხედავად თავს კარგად ვგრძნობ და ახლა განმეორებითი პსრ-ტესტი უნდა გავიკეთო”,– წერს ბაქრაძე Facebook-ზე.

ცნობისთვის, დღეს კულტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ 31 დეკემბრის შემდეგ სამინისტროს “არაერთმა სამართლიანად აღშფოთებულმა მოქალაქემ” მიმართა იმის გამო, რომ ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნი, სადაც ხსენებული ავტორის კუთვნილებად გამოცხადებულია ანა კალანდაძის ორი ლექსი.

კულტურის სამინისტროს განცხადებით, ისინი ლაშა ბაქრაძესთან უახლოეს პერიოდში “სერიოზული განხილვებს” გეგმავენ.