განჯისკარის საკითხი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარი ნარჩემაშვილმა განაცხადა.
„რაც შეეხება განჯისკარის საკითხს, ის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივ დღის წესრიგში არ დგას. შესაბამისად აღნიშნული საკითხი არც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის ოქმში არ არის ასახული, დოკუმენტი განსაზღვრავს, მათ შორის, კულტურის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას, მაგრამ განჯისკარის საკითხი არ არის დღის წესრიგში“, – განაცხადა მარი ნარჩემაშვილმა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოდან აზერბაიჯანში განჯის კარიბჭის დაბრუნებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ინფორმაცია, აზერბაიჯანულმა მედიამ ქვეყნის კულტურის მინისტრ ანარ ქერიმოვზე დაყრდნობით გაავრცელა
“აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებობს მთავრობათშორისი კომისია. აზერბაიჯანული მხარის მიერ, დღის წესრიგში დადგა ჩვენი ქვეყნისთვის განჯის კარიბჭის საქართველოდან დაბრუნება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ეს არაა მარტივი, ეს რთულია, მაგრამ ჩვენი მიზანია აზერბაიჯანში განჯის კარიბჭის, აზერბაიჯანის მემკვიდრეობისა და ისტორიის დაბრუნება”, – თქვა ქერიმოვმა აზერბაიჯანულ მედიასთან.