გაოგნებული ვარ, მოვბრუნდი და გუშინ შემოსული ოპოზიციონერები არ დამხვდნენ – ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ გაოგნდა, როცა დღეს ოპოზიცია პარლამენტში არ დახვდა.

მისი თქმით, ოპოზიციას ქვეყნის მთავარი პრობლემა, კორონავირუსი არ აინტერესებს.

“გულწრფელად ვიტყვი, დღეს მე ვარ გაოგნებული იმით, რომ ოპოზიცია არ შემოვიდა პარლამენტში. მაგალითად, არ აინტერესებდათ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და პრობლემა, რაც ქვეყანაშია. ეს არის კორონავირუსი, მისი შედეგები, ვაქცინაციის დაბალი ტემპი. ვერ ვიჯერებდი, რომ მოვბრუნდი ჩემს ზურგს უკან და გუშინ შემოსული ოპოზიციონერები არ დამხვდნენ. უბრალოდ დაუჯერებელია”, – განაცხადა ელისაშვილმა.

“მინისტრის საათის” ფარგლებში დღეს პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ.