ბათუმის საკრებულოს ახალი მოწვევის წევრი, ნაციონალური მოძრაობის გონიო-კვარიათის მაჟორიტარი დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე დღეს გარდაიცვალა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, 57 წლის ფუტკარაძეს დიაბეტური კრიზისი განუვითარდა და მოულოდნელად დაიღუპა.
ნაციონალურ მოძრაობაში მის მიმართ შესაძლო ზეწოლაზე საუბრობენ.
“ყველასათვის შემზარავი იყო ამ დილით ბატონი ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ჩვენი ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებმა გააკეთეს განცხადება რიგ წევრებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შესახებ, თუმცა დაკონკრეტებული არ ყოფილა ვინაობები, იმ ადამიანების, ვისზეც ხორციელდებოდა ხელისუფლების მხირდან ზეწოლა.
ბოლო დღეებში ბატონი ნუგზარი ყველა კომუნიკაციის დროს აღნიშნავდა, რომ ეს ზეწოლა კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს იღებდა და თავს შევიკავებ ჯერ კონკრეტული შეფასებებისგან, თუმცა შესაძლოა, სახეზე გვქონდეს სისხლის სამართლის დანაშაული ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით”, – თქვა ენმ-ს წევრმა, კახა მიქელაძემ მთავარ არხთან საუბრისას.