გარდაიცვალა ჩეხი მომღერალი, რომელმაც აცრას ამბჯობინა კოვიდით მიზანმიმართულად დაინფიცირებულიყო

ჩეხეთში ფოლკ–ჯგუფ Asonance–ის ვოკალისტი, განა გორკა გარდაიცვალა, რომელიც კორონავირუსით სპეციალურად დაინფიცირდა, რათა დაავადების შემდეგ კოვიდ პასპორტი და შესაბამისად, საზოგადოებრივ დაწესებულებებში შესვლის უფლება მიეღო.  57 წლის მომღერალი ქალის სიკვდილი მედიას მისმა შვილმა დაუდასტურა. გორკა სოციალურ ქსელებში წერდა, რომ ხანგრძლივი კოვიდის შემდეგ გამომჯობინების გზაზე იყო. “ახლა შემიძლია თეატრშიც წავიდე, საუნაშიც და კონცერტზეც“– წერდა ის,  თუმცა ამ ჩანაწერიდან ორ დღეში გარდაიცვალა.

მომღერლის შვილი, იან რეკი ყვება, რომ გორკა სპეციალურად დაინფიცდა კორონავირუსით, როცა მას და მამამისს კორონავირუსი დაუდგინდათ. რეკი და მამამისი სრულად არიან ვაქცინირებული, თუმცა დეკემბრის ბოლოს ვირუსი მაინც დაუდგინდათ. მათგან იზოლირების ნაცვლად გორკა მათ გვერდიდან არ შორდებოდა, თუმცა აუცრელი იყო.

“ის ჩვენი დადებითი ტესტის შემდეგ ერთკვირიან იზოლაციაში უნდა წასულიყო, თუმცა ეს არ გააკეთა და სულ ჩვენთან იყო“– ამბობს რეკი.

გამომჯობინების შემდეგ მომღერალი კოვიდ საშვის მიღებას გეგმავდა, რომელიც ჩეხეთში აუცილებელია სხვადასხვა დაწესებულებებში, მათ შორის ბარებში, კინოთეატრებში, რესტორნებში შესასვლელად.

კვირას დილით, მისი სიკვდილის დღეს მომღერალმა ახლობლებს უთხრა, რომ თავს უკეთ გრძნობდა და გასასეირნებლად მოემზადა. თუმცა მოულოდნელად ზურგი ასტკივდა და საძინებელში დაწვა. როგორც შვილი ყვება, აქედან ათ წუთში უკვე ყველაფერი დასრულდა. ქალი გაიგუდა.

შვილი ადასტურებს, რომ მას კოვიდით დაინფიცირება გადაადგილების თავისუფლების მოსაპოვებლად უნდოდა. ის ხაზს უსვამს, რომ მართალია დედამისი ვაქცინირებული არ იყო, თუმცა ეს კონსპიროლოგიური თეორიების ბრალი არ ყოფილა. მას უბრალოდ ვაქცინაციას დაინფიცირება ერჩია. “არანაირ მიკროჩიპებზე და მსგავს რაღაცეებზე არ ულაპარაკია“– ამბობს მომღერლის შვილი.

მისი თქმით, დედის დარწმუნება, ვაქცინა გაეკეთებინა უშედეგო იყო, რადგან ასეთ საუბრებზე ძალიან ემოციურად რეაგირებდა.

შვილს იმედი აქვს, რომ მისი დედის ისტორია ბევრ ადამიანს დაარწმუნებს ვაქცინა გაიკეთონ.

“თუ თვალწინ გაქვს მაგალითები რეალური ცხოვრებიდან, ეს უფრო დამაჯერებელია, ვიდრე გრაფიკები და ციფრები. ძნელია ციფრებს უთანაგრძნო.“– ამბობს ის.

10.7  მილიონიანი ჩეხეთი კოვიდის გავრცელების და გარდაცვლილთა რაოდენობის მხრივ მსოფლიოში ერთ–ერთი მოწინავე ქვეყანაა. ცოტა ხნის წინ მთავრობამ ახალი ზომები შემოიღო დაავადების გავრცელების საწინააღმდეგოდ, მათ შორის სავალდებულო ტესტირება. ამასთან, უსიმპტომო ავადმყოფებისთვის იზოლაციის პერიოდი 14–დან 5 დღემდე შემცირდა. ჩეხეთის მოსახლეობის დაახლოებით 63% სრულად აცრილია.