საგარეო საქმეთა სამინისტრო გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის დედას საქართველოში დააბრუნებს

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დედის საბერძნეთიდან საქართველოში ტრანსპორტირებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს.

“ამ პროცესში მყისიერად ჩავერთეთ. პროცესი არის გართულებული იმით, რომ ჩვენს მოქალაქეს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით პროცედურები დარღვეული აქვს, როგორც საბერძნეთთან, ისე თურქეთთან მიმართებით. ამიტომ, ჩვენი საკონსულო სამსახური ორივე ქვეყანაში მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმშია შესაბამის სამსახურებთან და ჩვენ აუცილებლად, უახლოეს დღეებში მოვაგვარებთ ამ საკონსულო კუთხით წარმოქმნილ პრობლემას. ასევე, უზრუნველვყოფთ საჰაერო გზით მის გადმოყვანას საქართველოში”, – ამბობს ზალკალიანი.

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დედა საქართველოში 26 აგვისტოს ბრუნდებოდა, თუმცა, საბერძნეთი-თურქეთის საზღვრიდან უკან დააბრუნეს. 

11 წლის ბიჭი თერჯოლის ერთ-ერთ სოფელში თოკზე ჩამომხრჩვალი 23 აგვისტოს იპოვეს. შსს-ს ცნობით, თვითმკვლელობის მიზეზი მამის მხრიდან სისტემატური ფიზიკური ძალადობა გახდა. ოჯახის ნათესავებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ 49 წლის კაცს შვილი ცემის დროს შემოაკვდა და თოკზე შემდეგ ჩამოკიდა.

49 წლის ფრიდონ აბჟანდაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 26 აგვისტოს შეეფარდა. ის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ “ცამდე მართალია”.