ქობულეთში გარდაცვლილ 14 წლის გოგოს ბაბუას პროკურატურამ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, მან გოგონას სცემა და მოკვლით დაემუქრა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 10 დეკემბერს და 2021 წლის იანვარში, გარდაცვლილი გოგოს ბაბუამ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილიშვილს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას.
სამართალდამცავებმა ს.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2021 წლის 15 თებერვალს დააკავეს. დაკავების შემდეგ დაკითხვისას ს.ც.-მ 2020 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი აღიარა და განაცხადა, რომ აღნიშნულ დღეს მან შვილიშვილის მიმართ ძალადობა განახორციელა”, – ნათქვამია განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით“ (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობა, (ორი ეპიზოდი)) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის გ და დ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ქობულეთში 14 წლის გოგომ სექსუალური ძალადობის შემდეგ თავი 10 თებერვალს მოიკლა.