31 დეკემბერსა და 2026 წლის 1–2 იანვარს საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ქვეყნის მასშტაბით ნალექი უმეტესად თოვლის სახით არის მოსალოდნელი, ხოლო მთიან და მაღალმთიან რეგიონებში – თოვლი და ქარბუქი.
ქალაქ თბილისში 31 დეკემბერს დღის ბოლოს შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი აღინიშნოს, ხოლო 1 იანვრის დღის მეორე ნახევრიდან 2 იანვრის დილამდე თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0,-2, ხოლო დღისით +2,+4 გრადუსი იქნება.
სანაპირო რაიონებში – ბათუმში, ქობულეთში, ანაკლიასა და ფოთში – ნალექი უმეტესად თოვლის სახით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0,+2, ხოლო დღისით +5,+7 გრადუსს მიაღწევს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში, მათ შორის ზესტაფონში, ქუთაისში, სამტრედიაში, ზუგდიდში, მარტვილსა და ოზურგეთში, მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ღამით ტემპერატურა 0,-2, დღისით კი +4,+6 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში – ამბროლაურში, ონში, ცაგერში, შოვში, ჭიათურაში, საჩხერეში, ხულოსა და რიკოთის უღელტეხილზე – თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5,-7, ხოლო დღისით 0,-2 გრადუსი იქნება. მაღალმთიან ზონებში, მათ შორის მესტიასა და ბახმაროში, ღამით -8,-10, დღისით კი -3,-5 გრადუსი ფიქსირდება.
ქართლში – რუსთავში, ბოლნისში, მარნეულში, გარდაბანში, გორსა და ცხინვალში – ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2,-4, შიდა ქართლში -7,-9, ხოლო დღისით +2,+4 გრადუსი იქნება.
კახეთში, მათ შორის საგარეჯოში, თელავში, გურჯაანში, სიღნაღში, ლაგოდეხში, ყვარელსა და ახმეტაში, ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ღამით ტემპერატურა -3,-5, დღისით კი +2,+4 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში – ახალციხეში, ბორჯომში, დუშეთში, თიანეთსა და ფასანაურში – მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი, ღამით -10,-12 და დღისით 0,-2 გრადუსი. მაღალმთიან რაიონებში – ახალქალაქში, წალკაში, ბაკურიანში, გუდაურსა და ომალოში – თოვლი და ქარბუქი გაგრძელდება, ჰაერის ტემპერატურა ღამით -13,-15, ხოლო დღისით -3,-5 გრადუსი იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რეგიონებში გადაადგილებისას.















