საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. განცხადებაში ნათქვამია რომ საზოგადოების სააღდგომო განწყობა გულისხმობს პასუხისმგებლობის აღებას Covid 19-სგან საკუთარი თავის დაცვასთან ერთად გარშემომყოფების დაცვას.
გთავაზობთ გაეროს მიერ გაკეთებულ განცხადებას:
“მოვუწოდებთ თითოეულ ოჯახს საქართველოში, წელს აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნისას, პირველ ადგილზე დააყენონ საზოგადოების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. გთხოვთ, დარჩეთ სახლში, ნუ შეიკრიბებით, რომ თქვენ და თქვენი ახლობლები ჯანმრთელად იყოთ ამ უჩვეულო ვითარებაში. უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, შორს თუ ახლოს მყოფ ახლობლებთან დასაკავშირებლად გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები, რადგან ფიზიკური დისტანცია არ არის სოციალური იზოლაცია.
მოდით, ასეთი დისტანციური კავშირებით აღვნიშნოთ ყველამ ერთად ეს დღესასწაული. ფიზიკური დისტანციის წესების დაცვით ჩვენ ვიცავთ საკუთარ თავს, ჩვენს საყვარელ ადამიანებს და მთელ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ყველაზე დაუცველებს: ხანდაზმულებს, სუსტი იმუნური სისტემისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს. რეკომენდაციების შესრულებით ასევე დავიცავთ ჯანდაცვის მუშაკებსა და ამ სფეროში დასაქმებულებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობენ კორონავირუსის დასამარცხებლად პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან. ჩვენ უნდა დავრჩეთ სახლში, რომ ისინი იყვნენ ჯანმრთელად და დაავადებულთა მკურნალობა შეძლონ”- ნათქვამია განცხადებაში.