გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულმა ყოფილმა პოლიციელმა დანაშაული სამსახურეობრივ მანქანაში ჩაიდინა – პროკურორი

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულმა ყოფილმა პოლიციელმა დანაშაულებრივი ქმედება სამსახურეობრივ მანქანაში ჩაიდინა. ამის შესახებ საქმის პროკურორმა კონსტანტინე ცაცუამ განაცხადა.ცაცუა განმარტავს, რომ საქმეში სასამართლო სამედიცინო ექპერტიზის დასკვნა არსებობს, რითაც დაზარალებულისთვის სხეულზე მიყენებული დაზიანებები დასტურდება.

„საქმეში არსებობს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ასევე ავტომანქანიდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები და ასევე, გარკვეული სახის მტკიცებულებებს ბრალდების მხარე ელოდება.ექსპერტიზით მსხვერპლის სხეულზე არსებული დაზიანებები დასტურდება, რაც მას როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბრალდებულის მხრიდან აქვს მიყენებული“, – აღნიშნა საქმის პროკურორმა.

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს, ზაზა ალავერდაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას გამოძიება 35 წლის ქალის გაუპატიურებას ედავება

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. დაცვის მხარემ ალავერდაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს 5 000 ლარის ოდენობის გირაო შესთავაზა. სასამართლომ ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პირს 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.