დაკარგული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა ფონიჭალის დასახლებაში გზა გადაკეტა. ისინი საგამოძიებო ორგანოებს არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებენ და ახალგაზრდა ქალის სამძებრო სამუშაოებში ჯარის ჩართვას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები პროტესტის გაგრძელებას აანონსებენ. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაცაა მისული, შეუძლოდ გახდა დაკარგული ახალგაზრდა ქალის დედა.
აქციაზე დააკავეს ერთი პირიც, თუმცა მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ოჯახი უკვე მეოთხე დღეა ეძებს. მისი ტელეფონი გათიშულია. დაკარგულია ავტომობილიც.
ბოლოს დედამ შვილი სახლში მძინარე – შაბათს დილის 8 საათზე ნახა, მოგვიანებით, სამსახურიდან დაუკავშირდა, თუმცა მას ტელეფონი უკვე გათიშული ჰქონდა. ოჯახი გამორიცხავს ფაქტს, რომ დაკარგულს ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდა ან სახლიდან წასვლის რაიმე სხვა პირადი მიზეზი ყოფილიყო. ერთადერთი ვერსია, რაც ახლა ოჯახს აქვს, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაა.
გაუჩინარების დღეს თამარ ბაჩალიაშვილი საცხოვრებელი კორპუსიდან შეუმჩნევლად არ გასულა, მეზობლებმა ის შაბათს დილით დაინახეს. ირკვევა რომ, გოგონამ კუთვნილი “ჰიუნდაის” ავტომობილით, სახლი დაახლოებით 9-დან 10-ის ნახევრამდე დატოვა.
გოგონა საჭესთან მარტო იჯდა, ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ უცნაური არაფერი შეუნიშნავთ. ძებნაში სამართალდამცველები მას შემდეგ ჩაერთვნენ, როდესაც ბაჩალიაშვილის ტელეფონიც გაითიშა და ოჯახმა მალევე ძებნა დაუწყო.
ბოლო ლოკაცია, სადაც ჰიუნდაის მარკის ავტომობილი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი ხაიშია. თვითმხილველების ინფორმაციით ირკვევა, რომ იქ თეონა ბაჩალიაშვილი დაახლოებით დილის 11-ის ნახევარზე მივიდა. რატომ მაინცდამაინც თეთრიწყარო – დედას ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. ამბობს, რომ მის შვილს იქ, არც მეგობრები და არც ნათესავები არ ჰყავს.
ასევე ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელი ხაიშიდან თეონა ბაჩალიაშვილმა გოლთეთში გადაუხვია. მას არც იქ ჩაუვლია შეუმჩნევლად. მოსახლეობაში ამბობენ, რომ დაახლოებით დილის 11 საათზე მათ ჰიუნდაის მარკის ავტომობილი სოფლის ცენტრში დააფიქსირეს, საჭეს გოგო მართავდა, რომელიც მათი თქმით, ჩიხისკენ მიდიოდა, მეზობლები ეცადნენ მისთვის აეხსნათ, რომ იქით გზა აღარ გრძელდებოდა, თუმცა ავტომობილის მძღოლს ადგილობრივებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ჩიხთან მისულმა კი მანქანა მოატრიალა და საპირისპირო მიმართულებით წამოვიდა. მას შემდეგ იქ ის აღარავის უნახავს. სწორედ აქ ქრება მისი კვალიც.
ადგილობრივი პოლიცია დღეს მთელი დღის განმავლობაში სოფელ გოლთეთში მოსახლეობას კარდაკარ კითხავდა, თუმცა უშედეგოდ. ამ დრომდე, ვერც გოგოს და ვერც მანქანის პოვნა ვერ ხერხდება.
გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.