გაუჩინარებული თვითმფრინავის ნამსხვრევები, სავარაუდოდ, ზღვაში იპოვეს

რადარებიდან გაუჩინარებული სამგზავრო თვითმფრინავის ნამსხვრევები სავარაუდოდ, ჯაკარტას ჩრდილოეთით ზღვაში აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ  Reuters-ი ავრცელებს.

სამაშველო სამსახურები ამ დრომდე ვერ ადასტურებენ, ეკუთვნის თუ არა ზღვაში აღმოჩენილი ნამსხვრევები Sriwijaya Air-ის კუთვნილ თვითმფრინავს, რომელზეც 50 პირი მგზავრობდა.

”წყალში რამდენიმე კაბელი და ლითონის ნაჭრები აღმოვაჩინეთ”, – განაცხადა ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში.

ინდონეზიური ავიაკომპანიის Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, „ბოინგ 737-500“, რომელიც ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტადან აფრინდა, რადარებიდან გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ინდონეზიის დასავლეთ კალიმანტანის პროვინციის ქალაქ პონტიანაკისკენ მიფრინავდა, რა დროსაც მასთან სიგნალი დაიკარგა.