ფრაქცია ლელოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ქართული ოცნების დეპუტატები არ მივიდნენ ბიუროს სხდომაზე, რათა ინსპექტორის სამსახურის შესახებ “ლელოს” ალტერნატიული კანონპროექტის განხილვა არ დაეშვათ. ის ამ საკითხზე ქართული ოცნების დეპუტატს დაუპირისპირდა და ჰკითხა, გრძნობდა თუ არა მორალურ დისკომფორტს.
“მარტივ კითხვაზე გამეცით პასუხი, გაქვთ თუ არა მორალური დისკომფორტი იმის გამო, რომ უწესო წესებით იბრძვით ადამიანის უფლებათა კომიტეტში. რატომ არ შეიკრიბა ბიურო? რატომ გეშინიათ ამ ალტერნატიული კანონპროექტების ასე ძალიან?”,– მიმართა მან მიხეილ სარჯველაძეს.
ოცნების დეპუტატმა მას უპასუხა, რომ არაფრის ეშინია, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რატომ არ მივიდნენ ბიუროს სხდომაზე.
ანა ნაცვლიშვლიშვილს უპასუხა გურამ მაჭარაშვილმა და თქვა, რომ მორალურ დისკომფორტს იმაზე განიცდის, რომ “ოპოზიცია არ ასრულებს თავის მოვალეობას, ისე როგორც უნდა ასრულებდეს და თვითონ რომ ჭირდება, მაშინ შედის პარლამენტში”.
მანვე აღნიშნა, რომ ყველა დეპუტატი თავად გადაწყვიტს, მივიდეს თუ არა ბიუროს სხდომაზე.
“ქალბატონო ანა, თქვენ დღის წესრიგს მიდგენთ, დილით როდის ავდგე, ჩაი როდის დავლიო და ბიუროზე როდის მოვიდე”,– მიმართა მაჭარაშვილმა ანა ნაცვლიშვილს.
ლელოს ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, მათი ალტერნატიული კანონპროექტი “კოვიდით ორმაგად დამძიმებულ პატიმრებს და მათ ოჯახებს რეალურ შეღავათებს მისცემდა – სასჯელებს შეუმცირებდა”.