ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, მაშინ როდესაც გაირკვა, რომ პანდემია საშიშია, მაგრამ არ არის კატასტროფული და შეიძლება მასთან თანაცხოვრება, გამოჩნდა სხვადასხვა დესტრუქციული მოსაზრებები.
მისი თქმით, დაიწყო კრიტიკა, რომ შეზღუდვებს ეკონომიკის სერიოზული რეცესია მოჰყვა და თავისუფლებების შეზღუდვას ნეგატიური პროცესები ახლავს მოსახლეობისთვის, არგუმენტად კი შვედეთი მოჰყავდათ.
“ასახელებენ შვედეთის მოდელს, რომელმაც არ შეზღუდა თავისუფლებები. დღეს ამის ცუდ შედეგებს იმკიან და აღიარებენ, რომ ეს არის შეცდომა. მაგრამ ისინი აღიარებენ იმიტომ, რომ მათ არ შეზღუდეს. ვინც არ შეზღუდა – ამბობენ, რომ შეიძლება ეს არ იყო საჭირო. არის მეორე მიმართულებით გარკვეულად პანიკის დათესვა, რომ მიღწეული მშვიდობა დროებითია, რომ ისევ მოხდება აფეთქებები, რაც თესავს პანიკას მოსახლეობაში, ქმნის არადამაჯერებლობის შეგრძნებას”,- ამბობს ცერცვაძე ტვ იმედის ეთერში.
მისივე თქმით, ამ კრიტიკამ გადაინაცვლა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჭრილში, ამიტომ გარკვეული ძალები ამბობენ, რომ ქვეყანამ შეიძლება სწორი და სწრაფი რეაგირება მოახდინა უშუალოდ დაავადებაზე და მის პრევენციაზე, მაგრამ ვერ მოახდინა – სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში.
“ის რომ, ჩვენთან წარმოიქმნა გარკვეული პრობლემები, მათ შორის ეკონიმიკური, აი, ხდება ამათ წარმოჩენა ისე, რომ თითქოს ეს არის ვიღაცის ბრალი. ამ დროს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საქართველომ ამ დაავადებასთან კონტექსტში წარმოაჩინა კრიზისის მართვის ძალიან შესაშური უნარი, ისეთი, როგორიც ვერ წარმოაჩინეს მსოფლიოს, ევროპისა და ამერიკის მთავრობებმა. ზოგადად კრიზისის მართვის უნარში ოპტიმალური იყო მთავრობის ძალისხმევა. ყველგან მთავრობამ შესაძლებლობის ფარგლებში გააკეთა ის, რისი გაკეთებაც შეეძლო”,- აცხადებს ცერცვაძე.
მანვე აღნიშნა, რომ მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში რესურსების მობილიზება სწორად მოახდინა და სწორად ხდება მისი განკარგვაც.