გახარიასა და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა – მთავრობა

მთავრობის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტის თაობაზე მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობას და გამოთქვა იმედი, რომ სამშვიდობო პროცესის დაწყება ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას. მხარეებმა მიმოიხილეს დაპირისპირებულ მხარეებს შორის შემდგომი დიალოგის პერსპექტივები. ორივე მხარემ აღნიშნა რეგიონში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით სამშვიდობო პროცესების გააქტიურების მნიშვნელობა”,– წერია მთავრობის განცხადებაში.

10 ნოემბერს სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის ომის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერა ძალიან მტკივნეულია მისთვის და სომეხი ხალხისთვის. მისივე თქმით, გადაწყვეტილება „საბრძოლო ვითარების ღრმა ანალიზის საფუძველზე“ მიიღეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შეთანხმება სომხეთის მხრიდან კაპიტულაციის გამოცხადებად შეაფასა.

რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში სამშვიდობო ძალების განლაგება უკვე დაიწყო.