“გახარიასა და მთავრობის გინების გამო დაგვაჯარიმეს” – კარანტინში მყოფი ძმები გურეშიძეები

ძმები, შოთა და ირაკლი გურეშიძეები აცხადებენ, რომ საკარანტინო ზონაში  გახარიასა და მთავრობის მისამართით გინების შემდეგ ისინი პოლიციამ სასამართლოში გადაიყვანა და მოსამართლემ დააჯარიმა. ამის შესახებ მათ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ისაუბრეს.

“მივიღეთ უარი თვითიზოლაციაში გადასვლაზე, გვითხრეს, რომ ეს ჩვენი უფლება არ არის. ძალიან უხეში, ძალიან დამამცირებელი, ირონიული დამოკიდებულება იყო. როცა ვთქვით, რომ შიმშილობას დავიწყებდით, სამედიცინოს წარმომადგენელმა თქვა, რომ არ აინტერესებდა ვიშიმშილებდით თუ არა, მთავარი იყო სიცხე გაგვეზომა. მოვითხოვეთ ვინმე კომპეტენტური, ვისაც შეეძლო ამ საკითხის გადაწყვეტა და დავხურეთ კარი, დავბრუნდით ოთახში. ამას მოყვა ლანძღვა გახარიასა და მთავრობის მიმართ ჩემი ძმისგან. ამას კიდე მოყვა პოლიციელთა გაღიზიანება, როგორც ჩანს. კარზე გაისმა ბრახუნი. შემდეგ გადაგვიყვანეს და 2 საათს ვიცადეთ სასამართლოს ეზოში. მიგვიყვანეს და მოსამართლე ჩაგვერთო სკაიპით. ბრალდებაში ჩაწერეს, რომ თითქოს შეურაცხყოფა მივაყენეთ სამედიცინო პერსონალს, პოლიციას, მოკლედ, ავიკელით სასტუმრო. სასამართლოში პოლიციელებმაც დაადასტურეს საკუთრ ჩვენებაში, რომ მათთვის არ გვიგინებია. მე ვუთხარი, რომ ეს არ გამიკეთებია, მაგრამ წარსულში მქონია, როგორც საქართველოს მოქალაქეების 100 პროცენტს და მომავალშიც, სავარაუდოდ, თუ რამეს გააფუჭებდა მთავრობა, გავლანძღავდი მათ. ამის გამო მოსამართლემ დამიწერა მე 1000-ლარიანი, ჩემს ძმასაც 1000-ლარიანი ჯარიმა. თუმცა, მანამდე, პატრულმა გამოგვიწერა 3-3-ათასლარიანი ჯარიმა, საკარანტინო წესების დარღვევისთვის. ეს რაში გამოიხატება არ ვიცი. მანამდე ოთახიც არ დაგვიტოვებია.მოსამართლემ მთავრობის გინება ახსნა, როგორც იგივე პოლიციელზე გინება”

ძმები, შოთა და ირაკლი გურეშიძეების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია  23 აპრილს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა. საიას განცხადებით ძმები საქართველოში 14 აპრილს ჩამოფრინდნენ, ისინი მაშინვე გადაიყვანეს საკარანტინო ზონაში.