გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და მათი ადვოკატი ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამომძიებელს ხვდებიან. ბაჩალიაშვილის დედის თქმით, ის ასევე ითხოვს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრასაც.
“გახარიასთან მინდა შეხვედრა თუ პატივს დამდებს და შემხვდება. გადმოცემით ვიცი, ამ კაცმა თქვა, რომ ბაჩალიაშვილის და შაქარაშვილის საქმეები უნდა იყოს გამოძიებული. უშუალოდ მისგან მინდა გავიგო რას მეტყვის”, – თქვა ბაჩალიაშილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა.
ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ოჯახს აინტერესებს რამდენად ინფორმირებულია გამოძიება საქმის ახალ დეტალებზე.
“მოგვაწოდეს არასასიამოვნო ფაქტები და ამ ფაქტებთან დაკავშირებით გვაინტერესებს რამდენად ინფორმირებულია გამოძიება. რა მოქმედებები განხორციელდა ოჯახს აინტერესებს ყველაფერი დეტალურად ვიდეო კამერებთან და ყველა იმ ფაილთან დაკავშირებით, რომლებიც კომპიუტერში არის”. – ამბობს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.
გუშინ “შაბათის ფორმულამ” ბაჩალიაშვილის მკვლელობის ახალი მოტივის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ახალგაზრდა პროგრამისტმა, ერთ-ერთ პროგრამაზე მუშაობისას, გახსნა საიდუმლო ფაილები. საუბარია ქართველი მაღალჩინოსნების, კერძოდ, 3 ადამიანის კომპრომატებზე. რა შინაარსის იყო კომპრომატები, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილმა ნახა, უცნობია, მაგრამ მას შემდეგ, რაც თამარმა ფაილები ნახა, მისი მისამართით დაიწყო ღია და ირიბი მუქარები.
თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩინარების დღეს, მას შემდეგ, რაც მას „ვოთსაფით“ ესაუბრნენ, ამავე პლატფორმაზე მესიჯად გაუგზავნეს ლოკაცია, სადაც ის უნდა მისულიყო და დაინტერესებული მხარისთვის საიდუმლო ფაილები გადაეცა.
წყარო საგამოძიებო უწყებიდან „შაბათის ფორმულას“ უდასტურებს, რომ ბაჩალიაშვილს სპეციალურად გაუგზავნეს ისეთი ლოკაცია, რომ მას გაევლო მარნეულის გზა თეთრიწყარომდე, რათა მისი გადაადგილება ჭკვიან კამერებს დაეფიქსირებინათ და გამოძიებას კვალი არეოდა.
„შაბათის ფორმულასთვის“ ცნობილია, რომ ბაჩალიაშვილის ცხედრის გამოჩენა არ იგეგმებოდა, ის უფრო გვიან და სრულიად სხვა ადგილას უნდა ენახათ, თუმცა მას შემდეგ, რაც ოჯახმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა, ცხედარი მანქანით სწორედ იმ ადგილას მიიტანეს, სადაც ის მომდევნო დღეს ნახეს.
„შაბათის ფორმულას“ ინფორმაციით, მანქანა ადგილამდე მისაბმელით მიიტანეს. წყარო საგამოძიებო უწყებიდან ადასტურებს, რომ მანქანაში ყველაფერი გასუფთავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ არც მანქანიდან და არც ცხედრიდან არ ამოვა უცხო დნმ.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.