გიორგი გახარიას გუნდი შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელს აწერს. გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, დოკუმენტი არ არის იდეალური, თუმცა კრიზისის განმუხტვის გზაა.
“დღეს კრიზისის განმუხტვა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი პერსპექტივისთვის. უკვე დღეს ჩვენი მოქალაქეები, ოჯახები ისეთი მასშტაბური პრობლემების წინაშე დგანან, როგორიც არის ყოველდღიური შემოსავლისა და ჯანმრთელობისთვის ბრძოლა. ამ ფონზე რადიკალიზმის გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელია.
ეს არ არის იდეალური შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის არსებული კრიზისის განმუხტვის და დაძაბულობის შემცირების შესაძლებლობა, რასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ და ხელს მოვაწერთ დოკუმენტს. ვთვლით, რომ ხელმოწერასთან ერთად მნიშვნელოვანია, მხარეებმა აიღონ პასუხისმგებლობა შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების სრულად და ხარისხიანად შესრულებაზე”,– განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს. დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. მას ინდივიდუალურად ხელი მოაწერა სალომე სამადაშვილმა, დავით ბაქრაძემ და არმაზ ახვლედიანმა.