გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ მათ მხარდამჭერს იარაღი “ჩაუდეს”

გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური ამბობს, რომ მათი პარტიის მხარდამჭერს იარაღი “ჩაუდეს” და დააკავეს.

“დღისით მზისით, იარაღი ჩაუდეს და დააკავეს ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, აკაკი ბართაიას, რომელსაც ჯერ ახლობლების მეშვეობით შეუთვალეს, რომ შეეწყვიტა აქტიური პოლიტიკური საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ დაჭერით. რამდენიმე დღეში კი, მას იარაღი ჩაუდეს ავტომანქანის საბარგულში. ეს მოხდა 16 აგვისტოს. საქმის მასალები ადვოკატისთვის ცნობილი გახდა გუშინ საღამოს”,- თქვა ანა ბუჩუკურმა.

მისივე განმარტებით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ბართაია სურამში პოლიტიკური საქმიანობისთვის მიემგზავრებოდა და მცხეთაში პოლიციამ გააჩერა.

საქალაქო სასამართლო დაკავებული აქტივისტის აღკვეთის ღონისძიების შესახებ მსჯელობს.