ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია ”საქართველოსთვის” ბათუმის საკრებულოს ახლადარჩეული წევრები, 3 დეკემბერს ჩანიშნულ სხდომას არ დაესწრებიან. ამის შესახებ, პარტიის, აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩვენ, არ ვაპირებთ სხვის სცენარში მონაწილეობის მიღებას”, – განაცხადა პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მიქელაძემ. მანვე საკრებულოს სხდომაზე არმისვლის მიზეზად განმარტა, რომ ვერ შეძლეს ვერც ნაციონალურ მოძრაობასთან და ვერც ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკება.
“ჩვენ გვაქვს გადამწყვეტი ხმები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენზეა დამოკიდებული როგორ დაკომპლექტდება საკრებულოები. ჩვენ შევთავაზეთ, როგორც ხელისუფლებას, ისე ნაციონალურ მოძრაობას, დავმსხდარიყავით მოლაპარაკების მაგიდასთან და მიგვეღო ერთობლივი გადაწყვეტილებები, იმისთვის, რომ ეს შეთანხმება შემდგარიყო, ჩვენ მზად ვიყავით სრულად უარი გვეთქვა ყველა თანამდებობაზე, რომელიც არსებობს საკრებულოში. რა თქმა უნდა, და სამწუხაროდ, უნდა გავუსვათ ხაზი, რომ არც ქართული ოცნება და არც ნაციონალური მოძრაობა არ აღმოჩნდა ამისთვის მზად, რადგან მათთვის მიუღებელი იყო ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა ამ თემასთან დაკავშირებით, რომ საკრებულოში არსებული ყველა კომისია თანაბრად უნდა გადანაწილებულიყო. სამწუხაროდ, ორივე პოლიტიკურმა ძალამ უარი თქვა ამაზე.”, – განაცხადა ირაკლი მიქელაძემ ბრიფინგზე.