ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია ამბობს, რომ გიორგი გახარიას მთავრობაში არცერთი მინისტრი არ იყო გახარიას გუნდის წევრი, ის კი დამოუკიდებელი პრემიერი არ ყოფილა.
მისივე განცხადებით, ქვეყანას მართავდა და მინისტრებს ნიშნავდა არა გახარია, არამედ ბიძინა ივანიშვილი და პარტიის ხელმძღვანელობა.
“გახარიას კაბინეტში არცერთი მინისტრი არც მისი რეკომენდაციით დანიშნული იყო და არც მისი გუნდიდან იყო. ვის სჯერა, რომ მას ჰქონდა გახსნილი ხელები და პრემიერ-მინისტრი იყო?… [მინისტრებს] ნიშნავდა ქართული ოცნების ხელმძღვანელობა, რა თქმა უნდა, ვინც იყო პარტიის ხელმძღვანელი, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით. აბა, ისინი გახარიას გუნდის წევრები იყვნენ, ვინც მინისტრები იყვნენ, ერთი მაინც? რა უნდა გაეკეთებინა, არ იყო [დამოკიდებელი პრემიერი]. ბევრ რამეში იყო, მაგრამ…
უხილავი ხელი არის ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა, ვინც არიან ზოგი მთავრობაში, ზოგი პარლამენტში და ზოგი ბიზნესმენია. ეს არის წრე, რომელიც მართავდა პრაქტიკულად მის დროს. მე მგონია, რომ თუ მოვიდა მთავრობაში [გახარია], შესაძლებელია უფრო კარგი შედეგი ჰქონდეს”,– ამბობს ქობულია TV პირველთან საუბრისას.