გახარია განმარტავს, რა შემთხვევაში შექმნის ოცნებასთან ან ენმ-სთან კოალიციას

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ დღევანდელი სახით ვერც ნაციონალური მოძრაობა და ვერც ქართული ოცნება ვერ შენარჩუნდება და ისინი დაიშლებიან.

მისი განმარტებით, ამ პარტიებს კოალიციას იმ შემთხვევაში შეუქმნის, თუ ისინი დაიშლის შემდეგ სახეცვლილებას განიცდიან და მასში არ იქნებიან “კონკრეტული რადიკალები”.

“დღეს კონკრეტულად ვიცით, რომელ რადიკალებთან არ გავაკეთებთ ჩვენ კოალიციას. რადიკალი ოცნებიდან იქნება თუ ნაცმოძრაობიდან, ჩემთვის არანაირი სხვაობა არ აქვს”,– ამბობს ის ტვ პირველის ეთერში და კობახიძე-მელიას დაპირისპირებას იხსენებს.

“ევროკავშირის ოფისის წინ, რა სხვაობა იყო პოლიტიკოსს, რომელმაც მოაწყო პროვოკაცია და პოლიტიკოსს, რომელიც წამოეგო ამ პროვოკციაზე. შემდეგ ერთმა თავისი პიარისთვის გამოიყენა თავდასხმა და პროვოკაცია და მეორემ, აი, “ნიხვატკაში” რომ არ დარჩენილიყო, გაქცევის დროს რომ შეაგინა, ეს გამოიყენა თავისი პოლიტიკური პიარისთვის. ეს ესთეტიკა ჩემთვის მიუღებელია. ეს უნდა დავასრულოთ. მე კი არა, ქართველმა ამომრჩეველმა”,– აცხადებს გახარია.