პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ გახარიას პროდასავლურ ოპოზიციასთან თანამშრომლობის ხიდი ჩატეხილი აქვს, თუმცა თეორიულად შესაძლებელია მან “გირჩთან” და “მოქალაქეებთან” ითანამშრომლოს.
„გახარიასთვის ძალიან ძნელი იქნება ლიბერალურ პროდასავლურ ოპოზიციასთან თანამშრომლობა. პრაქტულად ხიდი ჩატეხილია. წარმოუდგენელია, ენმ-სთან, ლელოსთან და კიდევ სხვა ჯგუფებთან თანამშრომლობა. ერთადერთი, რაზეც შეგვიძლია, თეორიულად ვისაუბროთ, ეს არის წყლის პისტოლეტებიანი გირჩი, ისაც ნაწილი გირჩის და ალეკო ელისაშვილი”,– ამბობს ხუხაშვილი რადიო თავისუფლების “დილის საუბრებში”.
მისი თქმით, ქართული ოცნების “დასამარების ფორმულა” არის კახა კალაძისა და გახარიას ტანდემი.
“მე შემიძლია გითხრათ, ქართული ოცნები ჩამოშლის ფორმულა გახარიას ხელით. ეს ფორმულა არის გახარიას და კალაძის ტანდემი. ამ ტანდემს შეუძლია ქართული ოცნების საბოლოოდ ჩამოშლა. ბიძინა ივანიშვილიც კი ამ ტანდემს ვერაფერს მოუხერხებს. თუ ეს თეორიულად შესაძლებელია, ეს მართლა იქნება უძლიერესი სვლა, რაც საბოლოოდ დაასამარებს „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ გახარიას და კალაძეს ერთად შეუძლიათ „ქართული ოცნების“ ელექტორატის უდიდესი უმრავლესობა გადმოქაჩონ აქეთ და „ქართული ოცნება“, ფაქტობრივად, დატოვონ შიშველი“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ გახარიას გზავნილი მიმართულია “ქართული ოცნების” ამომრჩეველზე და ის არ შედის კონკურენციაში ოპოზიციასთან.