ინფორმირებული წყაროების ცნობით ივანიშვილი პრემიერის პოსტზე გახარიას შემცვლელად ეკატერინე ტიკარძეს ამზადებს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გახარიას თანამდებობიდან წასვლა გადაწყვეტილი იყო ჯერ კიდევ იანვარში გავრცელდა. არაოფიციალური ინფორმაციით გახარიას გაშვება დასავლელმა პარტნიორებმა კატეგორიულად მოითხოვეს. ივანიშვილმა გახარიას შემცვლელის ძებნა დაიწყო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებამდე ვერ მივიდა. საკადრო ცვლილებებს მარტში ვარაუდობდნენ, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ გეგმები შეცვალა და საკადრო ცვლილებების საკითხი გადაიდო. ამის მიუხედავად გახარიას შეცვლა დღის წესრიგში კვლავ დგას და ბოლო ინფორმაციით ივანიშვილი მის შემცვლელად უკვე ჯანდაცვის მინისტრს განიხილავს. ეკატერინე ტიკარაძის გაპრემიერებაზე რამდენიმე თვის წინ საუბარი არც ყოფილა, თუმცა ხელისუფლების პიარ მრჩეველებმა ჩათვალეს, რომ პანდემიის დროს ტიკარაძის რეიტინგი და ცნობადობა გაიზარდა. ბოლო ორი თვის მანძილზე აშკარა იყო სახელისუფლო ექსპერტების და მედიის აქცენტები ტიკარაძის კარგი მენეჯერობის და იმის შესახებ, რომ ჯანდაცვის სისტემამ კრიზისს თავი კარგად გაართვა. რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებას ხელისუფლების ოპონენტები არ ეთანხმებიან, თუმცა ივანიშვილს პრემიერის კანდიდატურის ძებნისას დიდი არჩევანი არ აქვს, შესაბამისად დღეს ტიკარაძე გახარიას შემცვლელად დღეს ყველაზე ინტენსიურად განიხილება.
ამის შესახებ უკვე სოციალურ ქსელებშიც ხშირად წერენ, მათ შორის ოცნების მხარდამჭერებიც, თუმცა როდის შედგება საკადრო ცვლილება ჯერ უცნობია. საგანგებო მდომარეობის დასრულებამდე ამ გადაწყვეტილებას ივანიშვილი ვერ მიიღებს, თუმცა არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვე დარჩა და ახალი პრემიერის დანიშვნა საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე უნდა მოესწროს. შესაბამისად, ცვლილება სავარაუდოდ ივლისის ბოლომდე განხორციელდება.